საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს ჰუ ჩუნჰუანს შეხვდა
ძებნასაქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს ჰუ ჩუნჰუანს შეხვდა
29 აგვისტო 2018ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს ჰუ ჩუნჰუას შეხვდა.
მაია ცქიტიშვილმა და ჰუ ჩუნჰუამ საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს „დიდი აბრეშუმის გზის" აღორძინების მნიშვნელობაზე.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „სარტყელი და გზის" ინიციატივას საქართველო, როგორც ისტორიულად მისი განუყოფელი ნაწილი, ერთ-ერთი პირველი შეუერთდა.
აღინიშნა, რომ საქართველოში უკვე ორჯერ ჩატარდა „აბრეშუმის გზის“ ფორუმი და მის მიმართ უდიდესმა საერთაშორისო დონის ინტერესმა ცხადყო, რომ ეს ინიციატივა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის, ვის ინტერესშიცაა მეტი მიღწევები ვაჭრობის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
როგორც შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუწყოს „აბრეშუმის გზის" ფარგლებში სატრანსპორტო მარშრუტების გაფართოებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ამასთან ორიენტირებულია ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რაც ევროპისა და აზიის ეკონომიკური და კულტურულ-ცივილიზაციური კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როლს "აბრეშუმის გზის" ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედების მნიშვნელობა, რომელმაც ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპის სარკინიგზო ქსელთან ალტერნატიული მარშრუტით დააკავშირა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ახორციელებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევას.
საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მასშტაბურ პროექტზე, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დერეფანში.
ვიცე-პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულად მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის, რადგან ღია ეკონომიკის პირობებში უაღრესად ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსთან ერთად, მას აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.
მაია ცქიტიშვილმა ჩვენს ქვეყანაში ჩინური ინვესტიციების მოცულობის მატებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს საგარეო ვაჭრობის შთამბეჭდავ ზრდაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებთან ერთად, კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები კულტურულ, განათლების და ტექნოლოგიების სფეროებში.
„ჩვენ განვიხილეთ დიდი სპექტრი საკითხებისა და ურთიერთშეთანხმებას მივაღწიეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომში გავაგრძელებთ მუშაობას სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფების მეშვეობით, რათა ეს ინიციატივები რეალობად ვაქციოთ. ასევე ვისაუბრეთ აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც გაისად უკვე მესამედ ჩატარდება საქართველოში. ამავე დროს, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართული კომპანიებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობას ექსპოში, რომელიც ნოემბერში შანხაიში ჩატარდება. მან განაცხადა, რომ საკუთარი პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად, ეს ქართულ კომპანიებს დაეხმარება ჩინეთის მთავრობასა და ბიზნესთან კომუნიკაციაში“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ორი ქვეყნის ვიცე-პრემიერების შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ფუ ზიინგი.